ნიკოლოზ სამხარაძე - ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს
ნიკოლოზ სამხარაძე - ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს

ალტერნატიული პროცესი ადასტურებს, რომ სამი ოპოზიციური პარტია ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძე ოპოზიციის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პარალელური პროცესის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფების შექმნას გამოეხმაურა.

„გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არ აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. ყველა, ვინც არ უერთდება სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვინც სამუშაო პროცესს უერთდება, ისინი თავის ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ მგონი, თავად მიხვდნენ და სისულელეების ლაპარაკს შეეშვნენ. მათ ევროპარლამენტარებმა ძალიან ღიად და მკაფიოდ უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში უნდა ჩაერთონ და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში. ათასი მოწოდების მიუხედავად, პროცესებში არც 2020 წლის შემდეგ ერთვებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგი დადგა, ესეც გვახსოვს. ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან თუ არა“, – განაცხადა სამხარაძემ.