ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა.
როგორც სამხარაძემ განაცხადა, გაიმართება შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან.
„გახსოვთ, რომ მე და ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში ვიზიტით ვიმყოფებოდით, საპარლამენტო ვიზიტი გვქონდა. ამ ვიზიტის დროს ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიგეგმა. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ როგორც ბელგიელ, ასევე ლუქსემბურგელ დეპუტატებს ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ გვაქვს; ასევე იმ წუხილებზე, რაც ევროკავშირთან მიმართებით გვაქვს. რა თქმა უნდა, მოვისმენთ გზავნილებს და ვისაუბრებთ იმ ხედვებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მიმაჩნია, რომ ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია და შესაძლებლობაა, ჩვენი ხმა და პოზიცია დავაფიქსიროთ ევროპელ კოლეგებთან. ეს არ არის კაია კალასი, რომელზეც მკითხეთ, რატომ არ გელაპარაკებიანო. მათ საქართველოს ხელისუფლება არ მოსწონთ. ჩვენ შევხვდებით ბელგიისა და ლუქსემბურგის ხელისუფლებებს“, – განაცხადა სამხარაძემ.