ნიკოლოზ ობოლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული იყო პროცესში, რომ ხელისუფლება გვეიძულებინა, უკრაინისადმი თუნდაც არაგულწრფელი, მაგრამ მაინც პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეხატა
ნიკოლოზ ობოლაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული იყო პროცესში, რომ ხელისუფლება გვეიძულებინა, უკრაინისადმი თუნდაც არაგულწრფელი, მაგრამ მაინც პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეხატა

დაუგეგმავად არაფერი ხდება და რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი იგეგმებოდა, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკოლოზ ობოლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის კითხვას, გეგმავდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ცალკე ჩასვლას კონსულტაციების პარალელურად, მაშინ, როცა პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ როგორი შემადგენლობით უნდა გამგზავრებულიყო დელეგაცია თბილისიდან, რადგან ფაქტია, პარტიის წარმომადგენლები კიევში ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციას ჩაასწრეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტი იგეგმებოდა. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩართული იყო პროცესში, რომ ხელისუფლება გვეიძულებინა, უკრაინისადმი თუნდაც არაგულწრფელი, მაგრამ მაინც პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეხატა“, – განაცხადა ობოლაძემ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, როდის გადაწყვიტა პარტიამ ცალკე ვიზიტის დაგეგმვა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამგზავრებას აპირებდა, თუ მანამდე, ობოლაძემ განაცხადა, რომ ეს მანამდე იყო გადაწყვეტილი.

„პირდაპირ გეტყვით – არა. ეს მანამდე იყო გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში, საუბრები მიდიოდა“, – განაცხადა ობოლაძემ.

კითხვაზე, რატომ იყო პარტია ჩართული კონსულტაციებში, რომელიც პარლამენტში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გამგზავრებას არ აპირებდა, ობოლაძემ განაცხადა, რომ ეს იყო მიმდინარე პროცესი და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება პარტიამ ბოლო მომენტში მიიღო.

როგორც ობოლაძემ აღნიშნა, კითხვაზე, რატომ არ წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ შალვა პაპუაშვილთან ერთად, პასუხი არის ის, როგორც იქცეოდა ხელისუფლება თვეების განმავლობაში და, როგორც იქცეოდა ამ ვიზიტამდე დღეების განმავლობაში.

„რატომ წავედით, ამაზე პასუხი არის შემდეგი – ჩვენ ვუთხრათ უკრაინელ ხალხს, რომ ქართველი ხალხი დგას მათ გვერდით, ბოლომდე და როდესაც ომი მორჩება, ჩვენ გვინდა, საქართველო აღმოჩნდეს რკინის ფარდის მეორე მხარეს, არ აღმოჩნდეს რუსეთისკენ“, – განაცხადა ობოლაძემ.

ნიკოლოზ ობოლაძემ ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა, ომში ყველა გაერთიანებულიყო, მაგრამ ამ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი არაფერი ყოფილა და ეს იყო „ქართული ოცნების“ ბრალი, რომლის წარმომადგენლებიც არასწორ განცხადებებს აკეთებდნენ.

კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და შეხვედრების დროს დაუსვეს თუ არა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკითხვა, რა საფუძვლებს ემყარებოდა იარაღის კონტრაბანდის ბრალდება, ობოლაძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე გუნდის წევრებთან ტელეფონით კომუნიკაცია არ ჰქონია, მაგრამ ის, რომ ასეთი განცხადებები გაკეთდა, არის ქართული საგარეო პოლიტიკის ტრაგედია.

„ჰაერიდან ეს განცხადებები არ კეთდება და მათ შორის, უკრაინის სპეცსამსახურები ეყრდნობა ხოლმე დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურებს. რადგან ამ თემამ გაიარა, მაქვს დიდი იმედი, რომ არანაირი მტკიცებულება არ იქნება გამოქვეყნებული. ჰაერიდან ასეთი განცხადებები არ კეთდება და იმედია, ყველა კარგად გაიგებს თბილისში, რომ ვინმე თუ რამეს ფიქრობდა, ყველა გაიგებს გასაგებს, მესიჯს მიიღებენ და ყველაფერი დამთავრდება“, – განაცხადა ნიკოლოზ ობოლაძემ.