ნიკოლოზ მეტრეველი - გიორგი გახარიას გადადგომამ მმართველი გუნდის ამომრჩევლებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომლის იმედიც „ქართული ოცნების“ ელექტორატს აქვს
ნიკოლოზ მეტრეველი - გიორგი გახარიას გადადგომამ მმართველი გუნდის ამომრჩევლებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომლის იმედიც „ქართული ოცნების“ ელექტორატს აქვს

ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია, ეკონომიკური თუ პანდემიის პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში, პრემიერმა უნდა გადაჭრას და ამ დროს გიორგი გახარიას მხრიდან ამ საკითხზე ასეთი მწვავე რეაქცია სწორი არ იყო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გიორგი გახარიას 20 ივნისის შემდეგ სულ ცოტა ხანში ანალიტიკურ წრეებთან ჰქონდა შეხვედრა და მე მას შევხვდი. მან არაერთ მტკიცებულებაზე ისაუბრა და აქედან გამომდინარე, გამიკვირდა მისი მელიას მიმართ დამოკიდებულება. როდესაც ამდენი სხვა პრობლემაა და იცის, ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღო, ამას ვერ მოვიწონებ. ჩემი აზრით, მისი განცხადება ორაზროვანი იყო. მე მას პატივს ვცემ და პატივს სცემს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც, მაგრამ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან კითხვები არსებობს“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნების“ ელექტორატში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გუნდი მყარია და ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომლის იმედიც „ქართული ოცნების“ ელექტორატს აქვს.

„გიორგი გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნების“ ელექტორატში უკმაყოფილება და მწუხარებაც გამოიწვია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, გუნდი მყარია, გამოყვანილია პოლიტიკურად საბრძოლო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ენერგიულია. ეს არის ადამიანი, რომლის იმედიც აქვს „ქართული ოცნების“ ელექტორატს. ის უკომპრომისო იქნება და პოლიტიკურ ოპონენტებს ღირსეულად, სამართლებრივად მტკიცედ შეებრძოლება. „ქართული ოცნების“ მრავალრიცხოვან ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს ხშირად საკმაოდ რბილი მიდგომები გარკვეული ადამიანების მიმართ, როდესაც სირბილე არ უნდა ხორციელდებოდეს. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა აშშ-ში და ზუსტად ამის ანალოგიური იყო ის, რასაც ბატონი მელია და მისი მეგობრები სჩადიოდნენ“, – განაცხადა მეტრეველმა.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ქართულ რეალობაში ყოველთვის იყო მოთხოვნა ქარიზმატულ ლიდერზე, ღარიბაშვილი კი სწორედ ქარიზმატული ლიდერია, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სჭირდება და მისი არჩევა სრულიად ლოგიკურია.

„რამდენიმე თვეში არის არჩევნები, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.