ნიკოლოზ მარსაგიშვილი - შეგვეძლო, მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი თებერვალში დაგვესრულებინა, თუმცა დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გვევალებოდა
ნიკოლოზ მარსაგიშვილი - შეგვეძლო, მოსამართლეებთან დაკავშირებული პროცესი თებერვალში დაგვესრულებინა, თუმცა დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გვევალებოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს მიერ 17 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეფასებებს გამოეხმაურა. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილის შეფასებით, საბჭომ გადაწყვეტილება მოქმედ კანონზე დაფუძნებით მიიღო.

საბჭოს მდივნის განმარტებით, მათ შეარჩიეს ღირსეული კანდიდატები კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით.

„ვფიქრობ, არ იჩქარა საბჭომ, ვინაიდან ჩვენ შეგვეძლო, ეს პროცესი დაგვესრულებინა თუნდაც თებერვალში. მიუხედავად იმისა, რომ არ გვევალება რაიმე პოლიტიკური მოწოდების ან შეთანხმების გათვალისწინება, ჩვენ გავითვალისწინეთ და მათ შორის დაველოდეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, პროცესი დასრულდა ფაქტობრივად ივნისში, ამდენად, არ ვფიქრობ, რომ საბჭომ იჩქარა. ჩვენ მხოლოდ პარლამენტს წარვუდგინეთ ჩვენი კანდიდატები და პარლამენტის გადასაწყვეტია, ამ კანდიდატებს აირჩევს თუ არა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. პროცესი იყო ღია, გამჭვირვალე და ალბათ ყველას შეეძლო გასაუბრების პროცესისთვის ედევნებინა თვალყური. აგრეთვე კანდიდატების ბიოგრაფიაც არ არის ჩვენ მიერ დაფარული. არ ვფიქრობ, რომ ეს კანდიდატები არიან რაღაც გავლენიანი ჯგუფის წევრები. ზოგადად, ვფიქრობ, რომ გავლენიან ჯგუფზე საუბარი მოდურად იქცა.

კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების ნიშნით შეირჩნენ, საბჭოს ყველა წევრმა გამოაქვეყნა თავისი დასაბუთება. ვფიქრობ, რომ ეს ცხრა კანდიდატი ის მოსამართლეები არიან, რომლებიც, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრები, ღირსეულად შეასრულებენ თავის მოვალეობას“, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოს სურვილია, პარლამენტის მიერ ცხრავე კანდიდატი იქნას არჩეული, რათა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დაემატონ.

„საკმაოდ დატვირთულები არიან უზენაესი სასამართლოს წევრები, არის შემთხვევები, მოსამართლეს ხუთასი საქმეც აწერია წარმოებაში. ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ცხრავე კანდიდატი იქნება არჩეული“, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე.