ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სწორი ინფორმაციის მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სწორი ინფორმაციის მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს

ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციების წნეხი რომ შემცირდეს, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწორი ინფორმაცია უნდა გასცენ, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი და კერძო სექტორის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ირგვლივ არსებული გამოწვევები განიხილეს.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ლარის კურსის რყევა როგორც ჩანს, მხოლოდ ბიზნესის ნომერ პირველი გამოწვევა არ არის და ეს მთავრობასაც ყველაზე მეტად აწუხებს. ხუნძაკიშვილი თვლის, რომ კურსის რყევით გამოწვეული პრობლემების შერბილება, უპირველეს ყოვლისა, სწორი ინფორმაციის დროული გავრცელებით იქნება შესაძლებელი, რაც როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის კომპეტენციაა.

„ლარი, როგორც ჯანსაღი ორგანიზმი, ასე ვთქვათ, თერმომეტრივით ყველაფერზე რეაგირებს, მათ შორის ეკონომიკურ და არაეკონომიკურ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ მოვლენებზე. სწორედ აქ ვხედავ ეროვნული ბანკის, მთავრობის ჩარევის აუცილებლობას, რომ მათ უარყოფითი მოლოდინების ნიველირება მოახდინონ. დღეს არ ერევიან. გარდა ამისა, კომუნიკაციის პრობლემაც არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე, როგორც ეკონომიკურ სუბიექტს, როცა არა მაქვს ინფორმაცია, მე უკვე სპეკულაციას ვიწყებ. კონკრეტულად ინფორმაციის ცოდნა და შესაბამისი ანალიზისა და დასკვნის გაკეთება, დიდი ალბათობით, ლარზე წნეხს შეამცირებს. 

მაგალითად, წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულ ბანკს დაახლოებით, 150 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შესყიდული. როცა ეროვნული ბანკი ყიდულობს დოლარს, ანუ ბაზრიდან ამოაქვს და სხვა ეკონომიკურ სუბიექტებს ინფორმაცია არ აქვს ამას რატომ აკეთებს, მოტივაცია მიჩნდება, რომ იგივე გავაკეთო. ამიტომ, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი შეიძლება, უცბად მილიარდიც გახდეს და მე იმ მოცულობის თანხა შევიძინო და მარაგი შევიქმნა, რაც რეალურად არ მჭირდება. ეს რომ შევაჯამოთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია, ღრმა ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მივიღებ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება სპეკულაცია“, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.