ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ჩვენი შეთავაზებაა, წარმოების გაფართოებული ვალდებულების სისტემა ევოლუციური მიდგომით დავნერგოთ
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ჩვენი შეთავაზებაა, წარმოების გაფართოებული ვალდებულების სისტემა ევოლუციური მიდგომით დავნერგოთ

ბიზნესი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულების სისტემა ევოლუციური მიდგომით დაინერგოს, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების ახალი სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ახალი რეგულაცია, რომელიც დღეის მდგომარეობით ხელისუფლების დღის წესრიგში დგას, ბაზრიდან წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ამოღებას ისახავს მიზნად, რაც პროდუქციის მწარმოებელმა ინდუსტრიამ თავად უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული სისტემის დანერგვა ერთის მხრივ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, მეორე მხრივ – საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილი.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვის მიზანშეწონილობის საკითხი, როგორც ასეთი, არ დგას და თავად ბიზნესი სრულად იზიარებს ასეთი ვალდებულების აუცილებლობას. თუმცა, გადაცემაში აღნიშნეს, რომ რეფორმა რომ წარმატებული გამოდგეს, სასურველია იგი თანდათან, ევოლუციური მიდგომით დაინერგოს, ისე, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებში მოხდა.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილია იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი პროდუქციის მოხმარებიდან წარმოქმნილი ნარჩენები. ეს ეხება ბაზარზე გამოტანილი პროდუქტის შედეგად დარჩენილი როგორც შესაფუთი ნარჩენების, ისე ავტომობილების, გამონაცვალი ზეთების და ა.შ. ამოღებას. ამ პროდუქციას შემდგომში გადავამუშავებთ თუ გავყიდით – ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, „ნატახტარის“ ლიმონათს რომ დალევთ და ბოთლი დარჩება, მე, მწარმოებელი ვალდებული ვარ ამოვიღო ეს ბოთლი, ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა შევქმნა. ამის თაობაზე ინფორმაცია 2014 წლის პირველი სექტემბრიდან არის ცნობილი, როცა ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამაზე საუბარი ინდუსტრიამ პირველივე დღეს დაიწყო. ეს ევროკავშირში კარგად აპრობირებული მოდელია და ეს არის საუკეთესო გამოსავალი, თუ როგორ მოვახდინოთ გარემოდან ნარჩენების ამოღება“, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში პირველი ვალდებულება კოლექტიური ორგანიზაციის შექმნაა, რომელიც ძალაში 2019 წლის პირველ დეკემბერს უნდა შესულიყო და 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა. ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, ეს ვალდებულება აუცილებლად შესრულდება, რადგან გადავადება ვალდებულების შესასრულებლად საკმარისზე მეტ დროს იძლევა. ამიტომ მოცემულ მომენტში მთავარია, სახელმწიფომ უშუალოდ ნარჩენების ამოღების სისტემის მოდელი ჩამოაყალიბოს და ბიზნესს შესთავაზოს.

„ამ ვალდებულების შესრულებას წინ არაფერი უდგას. შესაბამისად, ახლა სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს და შემოგვთავაზოს სისტემა, რომელიც რეგლამენტის სახით უნდა ავირჩიოთ“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირში ძირითადად ორი სისტემა მოქმედებს: ერთი სეპარირებული [ანუ სხვადასხვა ტიპის ნარჩენის, მაგალითად, ბოთლების განცალკევებულ ურნებში მოთავსება] და ე.წ. დეპოზიტური, რაც ნიშნავს, რომ შეფუთულ პროდუქტს შესაფუთი მასალის ფასი ემატება, მომხმარებელი გაძვირებულ ფასს იხდის – მაგალითად ბოთლის ფასს 20 თეთრს – და ამ ფასნამატს მას შემდეგ იბრუნებს, როცა შესაფუთ მასალას/ბოთლს ამისთვის განკუთვნილ პუნქტში ჩააბარებს.

ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, დეპოზიტური სისტემა ნარჩენების ამოღების ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, თუმცა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა და ამაზე ევროკავშირის ქვეყნებმაც კი 20-25 წლიანი პრაქტიკის შემდეგ დაიწყეს გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ათვისება დღემდე ყველა ევროპულმა სახელმწიფომაც ვერ მოახერხა. ამიტომ საქართველო უმჯობესია, ევოლუციის გზით წავიდეს და ჯერ კლასიკური სეპარირებული მეთოდი მიიღოს, შემდეგ კი დეპოზიტურ მოდელზე გადავიდეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ ჩვენი, ბიზნესისი შეთავაზება ის არის, რომ დავიწყოთ ევოლუციუირად, კლასიკური სეპარირებული შეგროვებით. თუ დღეს არ დავიწყეთ – მზად არასდროს ვიქნებით. დაწყებაში ვგულისხმობ, რომ საინფორმაციო კამპანიები ჩავატაროთ, რაც ჩვენი – ინდუსტრიის ვალდებულებაა. რეკლამებით, მათ შორის სოციალური რეკლამების საშუალებით, ტელევიზიებით ხალხს უნდა მოვუწოდოთ, რომ განცალკევებულ შეგროვებას მივაჩვიოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმდენად კარგი და კომფორტული კომუნიკაცია გვაქვს, რომ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, შედეგამდე მივალთ. ინდუსტრია ნებისმიერ მომენტში იქნება მზად, როდესაც დავიწყებთ, რადგან თუ არ დავიწყებთ, მზად არასდროს ვიქნებით“, – განმარტა ხუნძაკიშვილმა.