ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბიზნესმა უნდა შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ხელისუფლების რეკომენდაციები, ამას ალტერნატივა არ აქვს
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ბიზნესმა უნდა შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ხელისუფლების რეკომენდაციები, ამას ალტერნატივა არ აქვს

ბიზნესმა უნდა შეასრულოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ხელისუფლების რეკომენდაციები, ამას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის ფონზე ციფრული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.

გადაცემის შესავალ ნაწილში ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეკავება დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტია და ბიზნესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მთავრობის რეკომენდაციების განუხრელი შესრულებისკენ მოუწოდა.

„ჯანდაცვა და ვირუსის გავრცელების შეკავება უპირობო პრიორიტეტია. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა, ბიზნესმა, ჩვენდამი რწმუნებულმა კომპანიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავემორჩილოთ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვიწესებს დაწყებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით და დამთავრებული ჩვენი ხელისუფლებით. ამას ალტერნატივა არ აქვს. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას ეკონომიკაზე გავლენა ექნება მსოფლიო მასშტაბით და საქართველოზეც ექნება. რეცესიაც, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა ეს კრიზისში გადაიზრდება თუ არა, ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როგორ განვითარდება მომავალში ამ ვირუსის ევოლუცია“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მან დადებითად შეაფასა დისტანციურ თანამშრომლობაზე პერსონალის გადაყვანის შესახებ ბიზნესის გადაწყვეტილება და უსაფრთხოების ყველა ზომისა და შეზღუდვის დაცვა. ხუნძაკიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიზნესი და ხელისუფლება მიმდინარე ეტაპზე სამაგალითოდ თანამშრომლობს და იმედი გამოთქვა, რომ ეს პოზიტიური მიდგომა კორონავირუსის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება, შესაბამისად, ბიზნესი გარკვეულ შეღავათებს მიიღებს.

„ხელისუფლებასთან ურთიერთობა ძალიან გვიადვილდება და სურვილს გამოვთქვამ, რომ როცა ყველაფერი დამთავრდება, ასეთივე რეჟიმში გავაგრძელოთ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბარი და მუშაობა. რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, ჯერ ძალიან ძნელია მისი დათვლა. თუმცა, ამ მიმართულებით ყველაფერი გათვალისწინებული იქნება, დაწყებული საგადასახადო გადავადებიდან დამთავრებული ყველა რეგულაციის, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული რეგულაციის გადავადებით“, – განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორში“.