ნიკოლოზ გამყრელიძე - გამოვჯანმრთელდი, დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში
ნიკოლოზ გამყრელიძე - გამოვჯანმრთელდი, დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა, – ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა.

„პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით.

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, რომელიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არცერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა, არც შიში. მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე, როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ! ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი, როგორც მოქალაქებმა, საკუთარი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს!“ – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.