ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის აქტივების ხელყოფა გამორიცხულია
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის აქტივების ხელყოფა გამორიცხულია

საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა პიროვნების ისეთივე საკუთრებაა, როგორიც მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხის გამოყენება მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლია – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ცვლილების შემთხვევაში, გამორიცხულია, აღნიშნული აქტივების ხელყოფა მოხდეს.

პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, გაზრდის თუ არა რეფორმა უთანასწორობას იმ პირობებში, როცა საშუალოზე მაღალი ხელფასი დასაქმებულთა მხოლოდ 18 %–ს აქვს, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ რეფორმა უთანასწორობის შემცირებაზეა ორიენტირებული, რასაც კვლევებიც მოწმობს. 

ნიკოლოზ გაგუამ კვლევითი ცენტრის “პიემსის” ხელმძღვანელს, გიორგი ხიშტოვანსაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგროვებითი ახალი სქემის შედეგად ბიზნესის კეთება რთულდება, რადგან განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან ბევრი დამატებითი ადმინისტრაციული აქტივობის განხორციელება უწევს.

„რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ადმინისტრირების სისტემის მნიშვნელოვნად გამარტივება. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ვგეგმავთ ერთ–ერთი ყველაზე ნოვატორული სისტემის დანერგვას. ეს არის ე.წ ავტომატური დეკლარირების პრინციპი“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.