ნიკოლოზ გაგუა - მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენი ქვეყნის საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
ნიკოლოზ გაგუა - მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენი ქვეყნის საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

მცირე მთავრობის იდეა მთავრობის ახალი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის განხორციელება პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პრაქტიკულად უკვე დაიწყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ზომის მნიშვნელოვნად შემცირებაა დაგეგმილი.

„მცირე მთავრობის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მთავრობის ახალი პროგრამის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია, რომლის განხორციელება პრაქტიკულად უკვე დაიწყო. შემდგომი ეტაპები ბუნებრივია,  მომავალი წლის ბიუჯეტით იქნება ინიცირებული. ჩვენ მთავრობის ზომის შემცირებას მნიშვნელოვნად ვგეგმავთ. მთავრობის ზომა მშპ-თან ფარდობით მაჩვენებელში იზომება. შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტი, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენი ქვეყნის საჭიროებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, გაგუას თქმით, პარლამენტში ახალი ბიუჯეტის წარდგენისას სახელმწიფო სექტორში არსებული ხელფასები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მაქსიმუმ 3.9 პროცენტზე იქნება დაგეგმილი, რაც არსებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თანხობრივად საუბარია დაახლოებით 120-150 მილიონ ლარით შემცირებაზე.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი გუშინ საპარლამენტო კომიტეტებზე განიხილეს. დღეს კი, მასზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი დარჩება.