ნიკოლოზ გაგუა - „ფიტჩის“ რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევებს მზად შეხვდა
ნიკოლოზ გაგუა - „ფიტჩის“ რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევებს მზად შეხვდა

„ფიტჩის“ რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ფიტჩის“ რეიტინგში ცალსახად არის ხაზგასმული ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის მაღალი დონე.

„ბუნებრივია, პანდემიური მოვლენების ფონზე, მაშინ, როდესაც გლობალურ ეკონომიკებში მთელი რიგი ქვეყნებისთვის ხდება რეიტინგების შემცირება, ჩვენთან სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ მეორე მიმოხილვა ჩაატარა და რეიტინგი იგივე დატოვა. ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა ამ რისკებს. გასული წლის ბოლოს, ჩვენი ფისკალური შედეგები საკმაოდ მძლავრი იყო და დიდი ბუფერებით შევხვდით 2020 წელს. მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე – ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც რეალურად განაპირობა „ფიტჩის“ ანგარიშში ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება. ასევე, თქვენ იცით, რომ გვქონდა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს კი არის გზავნილი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე საკრედიტო რეიტინგის კომპანიებისთვის, როგორიც არის „ფიტჩი“ და სხვები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მმართველობა არის ეფექტური,“ – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

გაგუას განმარტებით, „ფიტჩის“ რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მოლოდინი, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს აღდგენას.

სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე დატოვა.