ნიკოლოზ გაგუა - ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება
ნიკოლოზ გაგუა - ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება

ევროკავშირის ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა,  საქართველოს თანადგომას ფინანსური მიმართულებითაც განაგრძობს.

„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში.  ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის კიდევ ერთი საფუძველი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე წარმატებული პროგრამა და პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. მაკროფინანსური დახმარება საქართველოს ხელს შეუწყობს განახორციელოს რეფორმები, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა:  საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა, ბიზნესგარემო. აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელება, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

ევროკავშირმა საქართველოსთვის  45 მილიონ ევრომდე ოდენობით ახალი მაკროფინანსური დახმარება გამოყო, საიდანაც 35 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება შეღავათიანი სესხის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე გრანტის სახით.

აღნიშნული თანხა ევროკავშირის მიერ ორ ტრანშად გამოიყოფა, მათ შორის, პირველი ტრანშის ფარგლებში, დაახლოებით, 5 მილიონ ევრომდე გრანტის სახით, ხოლო 15 მილიონ ევრომდე სესხის სახით. აღნიშნული რესურსი ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტსა და სესხს წარმოადგენს, რაც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.