ნიკოლოზ გაგუა - დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებულ ღონისძიებებს სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს
ნიკოლოზ გაგუა - დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებულ ღონისძიებებს სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, დიდი ინტერესი გამოიწვა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომლებიც ითვალისწინებს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვას ქვეყანაში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ „ქორთიად მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში შეფასდა.

ბრიფინგს ნიკოლოზ გაგუას გარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო ესწრებოდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გაგუამ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში 2018 წლის დასაწყისიდან ფიქსირდება.

„დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისის თვისთვის, რომელმაც 7.5 პროცენტი შეადგინა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, მაისში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ასევე მაღალი იყო – 5.3%. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მდგრადი იყო ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში. ჩვენ ასევე გვქონდა თვალსაჩინო ზრდა ექსპორტის მიმართულებით – ექსპორტი გაიზარდა 50 პროცენტით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ამის გარანტიაა ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც საპენსიო რეფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდასა და კერძო სექტორის გაძლიერებას.