ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებითი პენსიის რეფორმას რეფერენდუმი არ სჭირდება, რადგან ეს გადასახადი არ არის 
ნიკოლოზ გაგუა - დაგროვებითი პენსიის რეფორმას რეფერენდუმი არ სჭირდება, რადგან ეს გადასახადი არ არის 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა განმარტავს, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმას რეფერენდუმი არ სჭირდება, რადგან ეს გადასახადი არ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში ნიკოლოზ გაგუა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასწორია მოსაზრება, თითქოს დაგროვებითი პენსიის რეფორმით კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ირღვევა.

“გადასახადების განმარტება საგადასახადო კოდექსში გვაქვს, რომელიც საერთაშოროსო განმარტებებს ემყარება. კერძოდ, გადასახადი ისაა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად მიემართება და ეს კრიტერიუმი ამ შენატანებისთვის არ ვრცელდება. ეს არის თანხა, რომელიც სისტემაში მონაწილე პიროვნების პირად ანგარიშზე მიემართება, რომელიც აღნიშნული პირის პირადი საკუთრება ერთადერთი შეზღუდვითაა, რომ ამ თანხას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ გამოიყენებს, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო დაზოგვის ნორმა 40 წლამდე შემოვიღეთ, რაც კლასიკური მეორე პილარია. მნიშვნელოვანია, რომ თანხები იყოს დაზოგილი და საყოველთაო მონაწილეობაც იყოს, რათა სისტემა იაფიანი და მცირეხარჯიანი იყოს. რაც შეეხება რეფერენდუმს, აღნიშნული თემა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას არ ექვემდებარება, რადგან ეს არ არის გადასახადი და გადასახადის არც ერთ ფორმულირებაში არ ჯდება”, – აღნიშნავს გაგუა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ დაგროვებითი პენსიის წესით, ვისაც ხელფასი 500 ლარი აქვს, ის რვა ლარს გადაიხდის, ხოლო ვისაც 2500 აქვს – 40 ლარს. დაგროვებითი პენსიის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.