ნიკოლოზ ჭონქაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები საკრებულოში არ შეუშვეს, რათა ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელი არ შეშლოდა
ნიკოლოზ ჭონქაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები საკრებულოში არ შეუშვეს, რათა ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელი არ შეშლოდა

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ჭონქაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუშვეს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „შეცვალეს“ წევრები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ.

ჭონქაძის თქმით, იმ დროს საკრებულოში ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა და შესაძლოა, მას ხელი შეშლოდა.

„ადამიანები არ შემოვუშვით მხოლოდ და მხოლოდ ამ ღონისძიების მშვიდად ჩატარების მიზნით. ძალიან აგრესიულები იყვნენ და თავიანთ აგრესიას გამოხატავდნენ. შესაბამისად, მათი აქ შემოშვება ღონისძიების ჩაშლას გამოიწვევდა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით“ ,- განუცხადა ჟურნალისტებს უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „შეცვალეს“ წევრებმა საკრებულოს შენობის წინ დღეს აქცია გამართეს. ისინი შენობაში შესვლას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც  საკრებულოში ჰოლოკოსტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.