ნიკოლოზ ჩხეტიანი - თუ მოქალაქე vali.ge-ზე თავის მონაცემებს ნახავს, ეს ნიშნავს, რომ ვალი ჩამოეწერა
ნიკოლოზ ჩხეტიანი - თუ მოქალაქე vali.ge-ზე თავის მონაცემებს ნახავს, ეს ნიშნავს, რომ ვალი ჩამოეწერა

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი ვებგვერდ vali.ge-ზე განთავსებული მონაცემების შესახებ განმარტებას აკეთებს. ჩხეტიანი ამბობს, რომ მოქალაქეებს, ვისი მონაცემები საიტზე ატვირთულია, ვალები უკვე ჩამოეწერათ.

„თუ ადამიანი შევა საიტზე და ნახავს თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში მონაწილეობს და მისი ვალის ჩამოწერა უკვე განხორციელდა. მას არანაირი ქმედება, ჩაწერა, რეგისტრაცია ან სადმე მისვლა აღარ სჭირდება“, – განუცხადა ჩხეტიანმა პირველ არხს.

ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, გუშინ ვალების განულების ხელშეკრულება ექვს კომერციულ ბანკთან გაფორმდა, დღეს კი სიას კიდევ რამდენიმე ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაემატა. გუშინ საიტზე განთავსდა ინფორმაცია დაახლოებით 409 ათას მოქალაქეზე.

„პროცესი გრძელდება. ეტაპობრივად ემატება ახალი სიები. ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს უახლოეს პერიოდში თავისი მონაცემების გადამოწმებას. თუ ვერ ნახავს თავის თავს სიაში, ესე იგი, ვერ მოხვდა პროგრამაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

დატოვე კომენტარი