ნიკოლოზ ჩხეტიანი - თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის არის უნიკალური, უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა
ნიკოლოზ ჩხეტიანი - თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის არის უნიკალური, უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა

ეს არის უნიკალური პროექტი და უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა,- ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საუკეთესო ექსპერტებმა შეისწავლეს 700 ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც განლაგებულია თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში და მოიცავს, როგორც მთაწმინდის ფერდობს, ასევე მიმდებარე ფერდობებს.

„თბილისში მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობა, ამას მოჰყვა მავნე გამონაბოლქვის ზრდა და ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარეკრეაციო, მწვანე ზონებს. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავაანონსეთ თბილისის ურბანული ტყის პროექტი, ხოლო დღეს მოხდება ამ პერიოდში განხორციელებული სამუშაოს დეტალური მიმოხილვა და პრეზენტაცია. ჩვენთან საზოგადოება ხშირად არასწორად უდგება პროექტებს და მისი დაანონსებისთანავე ელოდება მყისიერად საველე სამუშაოების დაწყებას. ეს არასწორია, ვინაიდან ნებისმიერ საქმეს სჭირდება სწორი დაგეგმვა, განსაკუთრებით გარემოსდაცვით პროექტებს, რადგან ბუნება არასდროს გვაპატიებს დაშვებულ შეცდომებს. განხორციელდა უნიკალური, გიგანტური სამუშაო. ეს ტერიტორია შესწავლილია ყველა მიმართულებით – ფლორა, ფაუნა, გეოლოგია, ნიადაგი და ა.შ. დაიდო რეალური სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოების განხორციელება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ ძალიან დიდი ორგანიზაციაა, უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული და დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს, ეს იმ ტიპის პროექტია, რომელიც ვერ იქნება წარმატებული და ვერ განხორციელდება მთელი საზოგადოების ჩართულობის გარეშე. შეუძლებელია, ერთმა ორგანიზაციამ აწიოს ამხელა პროექტი, ამიტომ ჩვენ ველოდებით მოქალაქეებისგან, ყველა თბილისელისგან, რომ მხარს დაგვიჭერს და ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. ამას ჩვენ ვაკეთებთ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, რადგან თუ დღეს არ მივხედეთ ამ ფერდობს, გამწვანებულ მთაწმინდას მხოლოდ ფოტოებში თუ დავინახავთ“, – განაცხადა ჩხეტიანმა.