ნიკოლოზ ჩხეტიანი - „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტი არის საქველმოქმედო, უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები
ნიკოლოზ ჩხეტიანი - „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროექტი არის საქველმოქმედო, უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედება განათლების სფეროში როგორც ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით, რადგან გაცხადებულია, რომ პროექტის ბიუჯეტი მილიარდი ევროა, –  ასე ეხმაურება „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის და მისი  ოჯახის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო მეგაპროექტი ხორციელდება, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფო იქნება.

„აღნიშნული პროექტი არის სრულად საქველმოქმედო. უნივერსიტეტის მესაკუთრე იქნება სახელმწიფო, ანუ ყველანი ჩვენ, ჩვენი მოქალაქეები. მას დააფინანსებს ივანიშვილების ოჯახი და ფონდი „ქართუ“  მხოლოდ ქველმოქმედების კუთხით. ჩვენ აშენების შემდეგაც გავაგრძელებთ უნივერსიტეტის დაფინანსებას“, – განაცხადა „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ჩხეტიანმა განმარტა, რომ დაგეგმილია გრანდიოზული კამპუსის აგება, მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

„ერთდროულად ათზე მეტი შენობა შენდება. ადგილზე იქნება ადრონული თერაპიის ცენტრი, რაც არა მხოლოდ სწავლის, არამედ კვლევის შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მკვლევარებს და მეცნიერებს. რაც მთავარია,  ადრონული თერაპიის ცენტრი არის ძალიან სერიოზული  ონკოლოგიის მკურნალობის მხრივ, რომელიც ისეთ სერვისებს შესთავაზებს პაციენტებს, რაც აქამდე არ არსებობდა საქართველოში,  არა მხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში. ამ მხრივ, ეს უნიკალური პროექტია“, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ყველაფერ ამით ხაზი ესმევა ფონდი „ქართუს“ როლს ქვეყნის განვითარებაში.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით „ქართუ“ იქაა, სადაც უჭირს სახელმწიფოს და ვცდილობთ ამ პროექტებში გვერდით დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.