ნიკოლოზ ჩხეტიანი - ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი თბილისის ბუნებით

ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და ასევე დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, ცალკე აღნიშვნის ღირსია პროექტები, რომელიც ფონდ „ქართუს“ განხორციელებული აქვს გარემოს დაცვის სფეროში.

„ფონდი „ქართუ“ 25 წელია, ახორციელებს თავის საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული სხვადასხვა პროექტებში. ჩვენი პროექტები, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას. მიუხედავად ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის პროექტები, რომელიც ჩვენ განხორციელებული გვაქვს გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ვაქცევდით დაცულ ტერიტორიებს, იქნებოდა ეს ვაშლოვანი, ლაგოდეხი, თუშეთი, ყუმისთავი თუ სხვა. დღეს დადგა ჩვენი დედაქალაქის, ჩვენი თბილის ქალაქის ჯერი. ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით, რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მწვანე ზონებს ჩვენს დედაქალაქში. კლიმატური ცვლილებისა და წინა პერიოდში არსებული უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო, სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი ქალაქ თბილისში. ეს მისახედი პრობლემაა, რა თქმა უნდა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მისი მასშტაბი იმდენად დიდია, რომ იმისთვის, რომ სერიოზული და ქმედითი პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევას, საჭიროა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

საუბარია პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება.

„იგეგმება გიგანტური ტერიტორიის, დაახლოებით 700 ჰექტარის ხელახალი გამწვანება და გაჯანსაღება, მოყოლებული იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავართ, სოლოლაკის ფერდობზე, ეს ტერიტორია მოიცავს 700 ჰექტარზე მეტს და მოიცავს როგორც მთაწმინდის ქედს, ასევე – ვერეს ქედს და კუს ტბასაც კი. შესაბამისად, მომავალ პერიოდში განხორციელდება უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები. დაირგვება ახალი, უფრო გამძლე, ენდემური ჯიშის ხეები და მცენარეები, რომლებიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან და მომავალში, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისელს და ასევე დედაქალაქის სტუმარს მიეცემა შესაძლებლობა, დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით.

მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, შედეგი არ დადგება მალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები სამართლიანად და სწორად შეაფასებენ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალისტებს და ეს სპეციალისტები საუკეთესოები არიან თავიანთი დარგის, ვინც ჩართულია ამ პროექტში“, – განაცხადა ჩხეტიანმა.