ნიკოლოზ ჩხეტიანი - მხოლოდ წელს ფონდი „ქართუ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს გურიაში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად
ნიკოლოზ ჩხეტიანი - მხოლოდ წელს ფონდი „ქართუ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს გურიაში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად

მხოლოდ წელს ფონდი „ქართუ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს გურიაში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად, – ეს განცხადება „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა გააკეთა, რომელმაც დღეს ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მოინახულა.

მისი თქმით, ფონდი „ქართუს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ისტორიული ძეგლებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა.

„როგორც მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ ახორციელებს უამრავ საქველმოქმედო პროექტს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. აქ, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფონდის დაფინანსებით ხორციელდება ერისთავების სასახლის აღდგენა გორაბერეჟოულში. უნიკალური ძეგლია, გარეშემო ძალიან ლამაზი ტყე-პარკით, რომელიც თავის დროზე ერისთავების მიერ გაშენდა. ჩვენი სამუშაოების კონცეფცია გულისხმობს პირველ რიგში საკუთრივ ძეგლის აღდგენას, რათა შეწყდეს მისი ნგრევის პროცესი, ხოლო მეორე და მესამე ეტაპზე მივხედავთ ტყე-პარკსაც. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ადგილი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. მუნიციპალიტეტს კი ტურიზმის განვითარებასთან ერთად დამატებით შემოსავალს მოუტანს. ასევე მიმდინარეობს ერკეთის მონასტრისა და გურიის ტერიოტორიაზე კიდევ რამდენიმე ძეგლის აღდგენა“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.