ნიკოლოზ ჩხეტიანი - ინგლისურენოვანი მეცნიერული ნაშრომი  საერთაშორისო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს
ნიკოლოზ ჩხეტიანი - ინგლისურენოვანი მეცნიერული ნაშრომი  საერთაშორისო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს

ინგლისურენოვანი მეცნიერული ნაშრომი წარმოადგენს უცხოეთში ქართულ ისტორიას, კულტურას, ფოლკლორს და საერთაშორისო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს ,- ამის შესახებ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში განაცხადა, სადაც  ეროვნული კულტურის შესახებ მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა.

მისივე თქმით, ნაშრომი 10 წლის განმავლობაში მზადდებოდა და ფონდმა „ქართუმ“ აღნიშნული წიგნის შექმნისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გაიღო.

„დღეს მოხდა უნიკალური პროექტის დაგვირგვინება, უნიკალური წიგნის პრეზენტაცია, რომელიც 10 წლის განმავლობაში მზადდებოდა. ამ პროექტის დასაწყისისდანვე ფონდი „ქართუ“ გვერდში უდგას ორგანიზატორებს და წიგნის შემქმნელებს. ჩვენ გავიღეთ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი აღნიშნული წიგნის შექმნისთვის. ვინაიდან წიგნი ინგლისურენოვანია, წარმოადგენს უცხოეთში ქართულ ისტორიას, კულტურას, ფოლკლორს და შესაძლებლობას მისცემს საერთაშორისო მკითველს, გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ძალიან მდიდარ კულტურასა და ისტორიას“ ,- განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

„საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“ – უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც წარმოადგენს კვლევას ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ნაშრომის მესამე ტომი აერთიანებს 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშს.

წიგნის შექმნის იდეა ამერიკული საგამომცემლო სახლის NOVA SCIENCE-ის პრეზიდენტს, ფრენკ კოლუმბუსს და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნით. მათ 2010 წელს ამ იდეის განხორციელება სთხოვეს ეთნომუსიკოსს და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს და გამოცემის ხარჯი თავად უზრუნველყვეს. პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილმა.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ფინანსურად უზრუნველყო პროექტის მომზადება, რაც გულისხმობდა საძიებო სამუშაოების შესრულებას, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავებას, ორიგინალური მასალების დამზადებას, ნაშრომების შექმნას, რედაქტირებას, ინგლისურ ენაზე თარგმნას და სხვ.