ნიკოლოზ ჩხეტიანი – არის მუდმივი კამპანია, რომ ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა რაც უნდა გააკეთონ, ყველაფერი შეიფუთოს ნეგატიურად, დინოტოპიის პარკის პროექტთან დაკავშირებით ბრალდებები აბსურდულია

14:00, 02.06.2026

ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, დინოტოპიის პარკის პროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალებით აბსურდული ბრალდებები ვრცელდება.

მისი თქმით, მიწის ნაკვეთი, სადაც პარკი უნდა გაიხსნას, ფონდმა „ქართუმ“ შპს „აკვა ცენტრისგან“ საბაზრო ღირებულებით გამოისყიდა და სახელმწიფოს აჩუქა.

ნიკოლოზ ჩხეტიანი ამბობს, რომ ეს არის ფონდის მხრიდან ქველმოქმედება.

„გავეცანი რამდენიმე ძალიან აბსურდულ ბრალდებას და სიუჟეტს, რაც გავიდა უახლოეს პერიოდში სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალებით. გაჟღერებული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეასაბამება სინამდვილეს. ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას, რასაც აკეთებს სამი ათწლეულის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბუნებრივია, აჭარის, გურიის რეგიონში. ეს არის ერთ-ერთი მსგავსი პროექტი, რასაც ახორციელებს ფონდი.

როცა გაჟღერდა ეს კონკრეტული თემა – მიწის ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე, ჩვენ არ დაგვითმია ამხელა ყურადღება. სამწუხაროდ, მეორე, თუ მესამე დღეს გამოაცხვეს აბსურდული ბრალდებების შემცველი განცხადებები, საუბარი იყო ფულის გათეთრებასა და რაღაც სისულელეებზე. რეალობა კი არის შემდეგი – ჩვენ მოგვმართა სახელმწიფო ორგანიზაცია „სთარინგ ჯორჯიამ“, რომელიც მართავს სახელმწიფო აქტივებს, მათ შორის ბლექსი არენას და მრავალ სხვა აქტივს. მათ აქვთ ძალიან საინტერესო პროექტი, კონკრეტულად დინოტოპიის პარკის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემავალ ერთ-ერთ ორგანიზაციას და გადაწყდა ამ ნაკვეთის სახელმწიფოზე გადაცემა. „ქართუს“ სტრუქტურაში საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ახორციელებს და შესაბამისად, ფონდმა გამოისყიდა საბაზრო ღირებულებით ეს ნაკვეთი ორგანიზაციიდან. ის ორგანიზაცია ფუნქციონირებს თავის კომერციულ საწყისებზე. შესაბამისად, ჩვენ გამოვისყიდეთ მიწის ნაკვეთი და ვაჩუქეთ სახელმწიფოს. არის მარტივად განხორციელებული ტრანზაქცია და არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალური და აბსურდული იყო ყველაფერი, რომ გააათმაგეს მიწის ნაკვეთის ფართობი. რომ იკითხო, ეყრდნობოდნენ იმ ამონაწერს, რაც საჯარო რეესტრში ფიქსირდება და როგორც ჩანს, ნულების დათვლაც არ იციან. იქ 2,7 ჰექტარია და არა 27 ჰექტარი, რაც გაჟღერდა. ზოგადად, ყველაფრის გაბუქება სავიზიტო ბარათებია ამ მედიების და ვაი ექსპერტების, რომლებიც ეხმარებიან აბსურდის გავრცელებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ნიკოლოზ ჩხეტიანის შეფასებით, ბრალდებები არის მუდმივი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ყველა საქმე შეიფუთოს ნეგატიურად.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მოქმედება ან ნიუსი იქნება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ნეგატიურად იყოს აღქმული. ერთ-ერთი ინფორმაცია, რაც მათ ჰქონდათ, ჩემი ვარაუდით, იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ნახეს, რომ მოხდა ტრანზაქცია. ერთმა ორგანიზაციამ მეორისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და არ დაელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. ილაპარაკეს ის სისულელე, რაც ილაპარაკეს. რეალურად კი, არის ჩვეულებრივი ქველმოქმედება. სახელმწიფომ მოგვმართა, გვაქვს მიმოწერები, რომ მათ მოეწონათ ეს ადგილი აღნიშნული პროექტისთვის და ფონდმა აჩუქა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს. შემდეგ სახელმწიფო გადასცემს იურიდიული ფორმებით „სთარინგ ჯორჯიას“ ამ მიწის ნაკვეთს.

მიწა არის 2,7 ჰექტარი და ღირებულება მილიონ სამასი ათასი ლარია. ფონდმა გადაუხადა შპს „აკვა ცენტრს“ და შემდეგ აჩუქა სახელმწიფოს. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ქონების მართვის სააგენტოში. სახელმწიფო უკვე ამ მიწას განკარგავს თავისი შეხედულებით. როგორც ცნობილია, ის გადასცემს „სთარინგ ჯორჯიას“, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მსგავსი