ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500-ის კატეგორიის ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშანდელ ტიტულს იცავდა რუსი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ. ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ მატჩშიც დაადასტურა თავისი შესანიშნავი სათამაშო ფორმა და საათსა და 10 წუთში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.

ბასილაშვილი თამაშში მძიმედ შევიდა და მეტოქეს ნაადრევი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ქართველი რეალურად ბრძოლაში მეექვსე გეიმიდან ჩაება, რომელიც მარათონული გამოვიდა – მასში შვიდჯერ იყო ანგარიში „თანაბარი“, რუბლიოვს სამი გეიმბოლი ჰქონდა, ბასილაშვილს ხუთი ბრეიკ-პოინტი და მან მეხუთე ცდაზე მოახერხა უკუბრეიკის შესრულება.

ამან ქართველ ჩოგბურთელს დამაჯერებლობა და სათამაშო უპირატესობა მოუტანა – მან საკუთარ სამ გეიმში მხოლოდ ორი ქულა დათმო, მეათე გეიმში კი სეტბოლამდე მივიდა, თუმცა პირველი ცდიდან პარტია ვერ მოიგო. იგივე შანსი მან მე-12 გეიმშიც მიიღო, თანაც სამი, და ნიკამ მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე სეტში რუბლიოვმა დაალაგა თამაში საკუთარ გეიმებში და ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა აიღო. თავის გეიმებში ქართველმა ორი ბრეიკ-პოინტი მისცა რუსს და რუბლიოვმა ერთი შანსი გამოიყენა, რამაც სეტში მოგება მოუტანა.

მესამე სეტის პირველ ნახევარში, მოულოდნელად, მეტოქეებს საკუთარი გეიმების მოგების მხრივ პრობლემა შეექმნათ – ზედიზედ სამ გეიმში ბრეიკი დაფიქსირდა, აქედან ორი ბასილაშვილისა იყო. ეს სერია ქართველმა შეწყვიტა, თავისი გეიმი მოიგო და ძალიან მიუახლოვდა ტიტულს – ანგარიშით 4:1 დაწინაურდა. რჩებოდა საკუთარი მოწოდების შენარჩუნება, რაც ნიკამ უპრობლემოდ შეძლო და კარიერაში მესამე ტიტული მოიპოვა.


ორშაბათიდან, განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი ისევ მე-16 პოზიციაზე იქნება.

ბასილაშვილის გზა ტიტულამდე:

1/16 ფინალი. უგო დელიენი (ბოლივია) – 6:4, 6:3

1/8 ფინალი. ხუან იგნასიო ლონდერო (არგენტინა) – 6:4, 3:6, 6:3

1/4 ფინალი. ჟერემი შარდი (საფრანგეთი) – 6:2, 6:3

1/2 ფინალი. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) – 6:4, 4:6, 7:6(5)

ფინალი. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი) – 7:5, 4:6, 6:3