ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო მეცოს ტურნირის პირველი წრე #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო მეცოს ტურნირის პირველი წრე #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო საფრანგეთის ქალაქ მეცში ATP250 კატეგორიის ტურნირი. პირველ რაუნდში მისი მეტოქე იყო მსოფლიოს 78-ე ნომერი, იტალიელი ჯანლუკა მაგერი. ბასილაშვილმა საათსა და 29 წუთში 6:3, 7:6(5) გაიმარჯვა.

პირველ სეტში ქართველმა მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკ-პოინტი გაცვალეს, მაგრამ ბრეიკამდე არც ერთი მისულა. მეორე სეტში ორივე მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – მათ თითო ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწიათ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. აქ გადამწყვეტი აღმოჩნდა მინი-ბრეიკი, რომელიც ბასილაშვილმა მატჩბოლზე შეასრულა.

ქართველმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა საკუთარ მოწოდებაზე – 11 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 86 პროცენტი (32/37) აიღო, მეორეთი – 66 (19/29). ბასილაშვილმა ოთხი ბრიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – ორიდან არც ერთი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ზედიზედ მეხუთედ თამაშობს მეცის ტურნირში და მეხუთედ გადალახა პირველი წრის ბარიერი. საუკეთესო შედეგი 2017 წელს ჰქონდა, როცა ნახევარფინალამდე მიაღწია, კიდევ ორჯერ მეოთხედფინალი ითამაშა.

ბასილაშვიის მეტოქე 1/8 ფინალში ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასა და ფრანგი ჟილ სიმონის შეხვედრაში გაირკვევა.