ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი, რომლებიც ამ კვირაში მიმდინარე მონაკოს “მასტერსზე” ვერ მოხვდნენ, “ჩელენჯერის” სერიის ტურნირებში მონაწილეობენ. მათ შორისაა, მსოფლიოს მე-80 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ქართველი ჩოგბურთელი ტუნისის ტურნირზე თამაშობს, სადაც მეორე ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილმა უკვე ორი წრე გაიარა. სამშაბათს, TOP40-ის ყოფილი წევრი, გერმანელი ტობიას კამკე დაამარცხა (6:4, 6:3), ოთხშაბათს კი უცნობ ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს მოუგო, რომელიც 18 წლისაა და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 423-ე ადგილი უკავია.
რა თქმა უნდა, ფავორიტი ბასილაშვილი იყო, თუმცა, მოულოდნელად, პირველი ბრეიკი მატჩში პოპირინმა შეასრულა და 4:2 დაწინაურდა. ავსტრალიელს პირველ სეტში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ერთი შანსი გამოიყენა, ბასილაშვილს ორი ბრეიკ-პოინტი და ორივეჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რის ხარჯზეც პირველ სეტში 7:5 მოიგო.
მეორე სეტში ქართველმა ზედიზედ 4 გეიმის აღებით დაიწყო, მაგრამ 5:2-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, თუმცა, ეს 5:4-ზე მოახერხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა – 7:5, 6:4.
ამ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ბელარუსი გერასიმოვისა და არგენტინელი ანდრეოცის შეხვედრაში გაირკვევა.