ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სტარტი აიღო ტორონტოს „მასტერსზე“. ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბის წინააღმდეგ მან საათსა და 52 წუთში სამ სეტში გაიმარჯვა – 2:6, 6:0, 6:4.
ჩოგბურთელები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ საკუთარ მოწოდებაზე. ბასილაშვილმა ცხრა ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდების სიზუსტე 48 პროცენტი ჰქონდა და 17 ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, რომელთაგანაც ამერიკელმა მხოლოდ ოთხი გამოიყენა. თავად ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
ეს იყო ბასილაშვილსა და ბრუკსბის შორის პროფესიულ ტურში მეორე შეხვედრა. მათი პირველი მატჩი 2019 წელს აშშ-ის ღია პირველობის საწყის წრეში ქართველმა სამ სეტში მოიგო – 3:6, 7:6(3), 7:5, 6:2.
ბასილაშვილს მეორე წრეში ელოდება ავსტრალიელი ალექს დე მინორი, რომელიც მე-12 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია.