ნიკოლოზ ბასილაშვილმა თანაბარ ბრძოლაში წააგო და ავსტრალიის ღიას გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაემშვიდობა ავსტრალიის ღია პირველობას.
ბერძენ სტეფანოს ციციპასთან თითქმის თანაბარ მატჩში მსოფლიოს მე-20 ჩოგანს ოდნავ იღბალი არ ეყო გადამწყვეტ მომენტებში და მატჩის საბოლოო შედეგიც ამან განსაზღვრა – ციციპასი მერვედფინალში გავიდა, ბასილაშვილი კი შარშანდელი შედეგის გამეორებას დასჯერდა.
ჩოგბურთელები მცირე შანსს აძლევდნენ ერთმანეთს მიღებაზე. ორივე კარგად აწვდიდა და ბურთის გათამაშება დიდი ხანი არ გრძელდებოდა. პირველ და მეორე სეტებში მეტოქეებს თითო-თითო ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. საწყის პარტიაში ციციპასმა გამოიყენა თავის შანსი და ბასილაშვილმა ეს ვერ შეძლო, მეორე პარტიაში კი პირიქით მოხდა. ასე რომ, ჩოგბურთელებმა სეტები ერთნაირი ანგარიშით გაცვალეს – 3:6, 6:3.
იგივე ანგარიშით სრულდებოდა მესამე სეტიც – ციციპასმა ბრეიკით დაწინაურება მოახერხა და 5:3-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ამ კრიტიკულ მომენტში ბასილაშვილმა შეძლო გაბრძოლება და მეორე ცდიდან შეასრულა უკუბრეიკი. ანგარიში გათანაბრდა და მალე ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე მივიდნენ.
უკუბრეიკის შემდეგ, ბასილაშვილი აშკარა სათამაშო ინიციატივას დაეუფლა და თითქოს ტაი-ბრეიკის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ციციპასმა შეძლო მობილიზება. 7:7-მდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – მეტოქეებს თითო სეტბოლი ჰქონდა მიღებაზე, მაგრამ ეს შანსები ვერ გამოიყენეს. მე-15 ქულის გათამაშებისას, საკუთარ მოწოდებაზე ბასილაშვილმა ბადეს გაარტყა ბურთი და მეტოქეს მეორე სეტბოლი აჩუქა. ბერძენმა უკვე თავის მოწოდებაზე ეს შანსი არ გაუშვა და სეტებში ისევ დაწინაურდა.
დრამატული ტაი-ბრეიკის მოგებამ ციციპასს ფსიქოლოგიური უპრატესობა მოუტანა. ბერძენის გეიმებში ბასილაშვილმა მხოლოდ ოთხი ქულა აიღო და ბრეიკ-პოინტთან ახლოსაც ვერ მივიდა. ციციპასს კი მეტოქის გეიმებში მუდმივად შანსი ჰქონდა და ერთხელ ბრეიკამდეც მივიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვებისთვის – 6:3, 3:6, 7:6(7), 6:4. მატჩი ორი საათი და 58 წუთი გაგრძელდა.