ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიას ტურნირი პირველ წრეში დაასრულა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიას ტურნირი პირველ წრეში დაასრულა

მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის ტურნირს გამოეთიშა, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო. ბასილაშვილმა მოულოდნელად ორ სეტში წააგო 174-ე ჩოგანთან, გერმანელ დანიელ ბრანდსთან.

პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. მეტოქეებმა ორ-ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვეს – ბრანდსმა მეცხრე გეიმში, ბასილაშვილმა – მე-12 გეიმში, თუმცა, ქართველმა ეს ორივე სეტბოლი გაანიავა.

ტაი-ბრეიკზე ბასილაშვილი სეტბოლამდე ვერ მივიდა, სამაგიეროდ, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სამი სეტბოლის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეოთხე ცდაზე გერმანელმა მაინც მიაღწია მიზანს.

მეორე სეტში ბასილაშვილმა შესანიშნავად დაიწყო და მალე ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა – 4:0, თუმცა, მეტოქეს მისცა სეტში დაბრუნების საშუალება – ბრანდსმა ორი უკუბრეიკით უპასუხა, შემდეგ ტაი-ბრეიკამდეც არ მიიყვანა საქმე, სეტში მესამე ბრეიკიც შეასრულა და საათსა და 34 წუთში 7:6(7), 7:5 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შეხვედრა 10 ორმაგი შეცდომით დაასრულა.