ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი სეტბოლი მოიგერია და ჩინეთის პირველობის ნახევარფინალში პირველი სეტი მოიგო
პეკინში ჩინეთის პირველობაზე მეორე ნახევარფინალი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს ეთამაშება. პირველი სეტი, საათსა და ერთ წუთში, ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო – 7:6 (8:6).
ბასილაშვილისთვის მატჩი კარგად დაიწყო – პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ მომდევნო გეიმში ედმუნდმა იგივეთი უპასუხა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები ახლოსაც ვერ მიდიოდნენ ბრეიკამდე – მეათე გეიმამდე, ანგარიში „თანაბარიც“ კი არ ყოფილა. მეათე გეიმში ბასილაშვილის მოწოდებაზე ედმუნდმა სცადა საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა, მიღებაზე ორი სეტბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ბასილაშვილმა შეძლო სეტის გადარჩენა.
თუმცა, ქართველს მე-12 გეიმშიც შეექმნა პრობლემები საკუთარ მოწოდებაზე – ედმუნდმა რიგით მესამე სეტბოლი მიიღო და კვლავ ვერ შეძლო მისი გამოყენება.
ყველაფერი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ბასილაშვილმა ისევ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე, 1:4-დან ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და ორმაგი სეტბოლი მოიპოვა. ედმუნდმა მოახერხა ორივე საფრთხეს მოგერიება, მაგრამ მესამე მატჩბოლს 6:7-ზე ვერაფერი მოუხერხა და ბასილაშვილმა მოიგო პირველი სეტი.