ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა
როლან გაროსის დასრულების შემდეგ, ორშაბათიდან ჩოგბურთელებმა ბალახის კორტებზე გადაინაცვლეს – დაიწყო ბალახის სეზონი, რომლის კულმინაციაც უიმბლდონი გახდება.
ბალახის სეზონის პირველი ორი ტურნირი ჰოლანდიის ჰერტოგენბოშსა და გერმანიის შტუტგარტში იმართება. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიაში „მერსედესის თასზე“ თამაში აირჩია, მაგრამ უკვე გამოეთიშა ბრძოლას. შტუტგარტში ის მეოთხე ნომრად იყო განთესილი და პირველი წრე გამოტოვა. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი გახდა, რომელმაც პირველ წრეში ესპანელ ხაიმე მუნარს მოუგო.
ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი წელს უკვე მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს: როტერდამსა და მონაკოში უნგრელმა მოიგო, რომში – ქართველმა. მათი ურთიერთშეხვედრები სულ ექვს მატჩს მოიცავდა და ფუჩოვიჩი წინ იყო – 4:2. თუმცა, მათი ერთადერთი შეხვედრა ბალახზე (2015 წელს, უიმბლდონზე) ბასილაშვილს ჰქონდა მოგებული.
პირველ ორ სეტში ფუჩოვიჩი ფლობდა აშკარა უპირატესობას, მაგრამ შანსს ვერ იყენებდა, განსაკუთრებით – პირველ პარტიაში. ამ ორი სეტის განმავლობაში უნგრელმა 14 ბრეიკპოინტი დააგროვა და სამი გამოიყენა, ბასილაშვილმა – სამიდან ერთი. მიუხედავად ამისა, სეტებს შორის ანგარიში თანაბარი იყო.
პირველ პარტიაში ჩოგბურთელებმა ბრეიკები სტარტზე გაცვალეს და ტაიბრეიკის თამაში მოუწიათ, რომელიც ბასილაშვილმა ძალიან სტაბილურად ჩაატარა და ანგარიშით 7:4 მოიგო.
მეორე სეტში ფუჩოვიმა დაიწყო თავისი შანსის რეალიზაცია. მას ბასილაშვილის ყველა გეიმში ჰქონდა ბრეიკპოინტი და ორჯერ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება. 28 წუთში ფუჩოვიჩმა მხოლოდ ორი გეიმი მისცა ქართველს.
ამ პარტიებში ბასილაშვილს არ მისდიოდა საკუთარი მოწოდება – მხოლოდ 54 პროცენტის სიზუსტით აწვდიდა პირველ ბურთს და ერთბაშად 10 ორმაგი შეცდომა დააგროვა. ამიტომაც, მესამე სეტში ფავორიტად უნგრელი ჩოგბურთელი მიიჩნეოდა, მაგრამ ბასილაშვილმა, ძალიან მობილიზებულმა დაიწყო გადამწყვეტი პარტია და ბრეიკით 3:1 დაწინაურდა. თუმცა, ფუჩოვიჩმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, ოთხმა გეიმმა ისე ჩაიარა, რომ მეტოქეებს ერთმანეთისთვის ბრეიკპოინტები არ მიუციათ. ნავსი ბასილაშვილმა გატეხა – 5:4-ზე და მეტოქის მოწოდებაზე სამი ბრეიკპოინტი მიიღო, რაც ავტომატურად სამ მატჩბოლს ნიშნავდა, მაგრამ ფუჩოვიჩი ამ რთული სიტუაციიდან გამოძვრა და ანგარიში გაათანაბრა.
როგორც ხშირად ხდება, გამოუყენებელმა შანსმა ფსიქოლოგიურად ნეგატიურად იმოქმედა ბასილაშვილზე – მომდევნო გეიმში მან საკუთარი მოწოდება დათმო, რის შემდეგაც, ფუჩოვიჩმა მატჩზე ჩააწოდა – 6:7(4), 6:2, 7:5. შეხვედრა საათი და 18 წუთი გაგრძელდა.