პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა მონტე კარლოს მასტერსზე ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან სამ სეტში დათმო მატჩი მსოფლიოს 37-ე ნომერ მარტონ ფუჩოვიჩთან – 5:7, 6:3, 1:6.
უნგრელი ჩოგბურთელი სამივე სეტში ფლობდა უპირატესობას. მან ჯამში 20 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ რეალიზაციის მხრივ ჰქონდა პრობლემები – მხოლოდ სამი შანსი გამოიყენა. პირველ პარტიაში მან მეოთხე ცდიდან შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მეორე სეტში ექვსი შანსი ჰქონდა და ბასილაშვილმა ექვსივე მოიგერია, თავად კი ერთხელ აიღო მოწინააღმდეგის გეიმი, რითაც სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე პარტიაში ბასილაშვილმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია უნგრელს, რომელსაც 11 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა და მშრალი ანგარიშით მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ქართველი გაუძალიანდა და ხუთი მატჩ-ბოლის მოგერიების შემდეგ, ერთი გეიმის აღება შეძლო. თუმცა, მომდევნო გეიმში ფუჩოვიჩმა მატჩზე ჩააწოდა და მეორე წრეში გავიდა.
საბოლოოდ, ბასილაშვილმა შეხვედრა ცხრა ორმაგი შეცდომით დაასრულა.
ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:1 გახდა ფუჩოვიჩის სასარგებლოდ.