ორშაბათს მონრეალის „მასტერსზე“ პირველი სათამაშო დღე იყო და პირველივე დღეს ჩაება ბრძოლაში მსოფლიოს მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მისი მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩი გახლდათ, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 28-ე ადგილზეა. საკმაოდ მძიმე შეხვედრა ბასილაშვილმა სამ სეტში მოიგო – 3:6, 6:4, 6:4. თამაში ორი საათსა და ორ წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ლაიოვიჩმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ბასილაშვილს შეეძლო მომდევნო გეიმში უკუბრეიკით ეპასუხა, მაგრამ ორი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა. პარტიის მიწურულს სერბმა მეორე ბრეიკიც შეასრულა და ანგარიშით 6:3 მოიგო.
მეორე სეტის დასაწყისი ქართველისთვის დამაიმედებელი გამოდგა – ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდება მოიგო, თუმცა შემდეგ თავისი ორი გეიმი დათმო და წაგების პირას დადგა – 1:3. მაგრამ ნიკამ უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 3:3-დან კიდევ ორი ბრეიკით სეტებში ანგარიში გაათანაბრა. საერთო ჯამში, მეორე პარტიაში ცხრა გეიმი გათამაშდა და შვიდში ბრეიკი დაფიქსირდა.
საკუთარი გეიმების წაგება მესამე სეტშიც გაგრძელდა. ერთ მომენტში ზედიზედ ოთხი ბრეიკი შესრულდა. ეს სერია ბასილაშვილმა საკუთარი გეიმის მოგებით შეწყვიტა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და ძალიან მიუახლოვდა მეორე რაუნდის საგზურს. ქართველმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელებმა საერთო ჯამში 13-13 ბრეიკპოინტი გამოიმუშავეს და შვიდ-შვიდი ბრეიკი შეასრულეს.
მეორე წრეში ბასილაშვილი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელმაც ანგარიშით 6:2, 6:2 გაანადგურა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა.