ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის „მასტერსის“ მერვედფინალი თანაბარ ბრძოლაში წააგო
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა მონრეალის „მასტერსის“ მერვედფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ჰყავდა დამარცხებული. გერმანელმა შეძლო რევანშის აღება, თუმცა, არანაკლებ ახლოს იყო მოგებასთან ბასილაშვილი.
პირველი სეტის მიმდინარეობა ძალიან ჰგავდა იმ თამაშს, რომელიც პირველ წრეში ჰქონდა ბასილაშვილს სერბი დუშან ლაიოვიჩის წინააღმდეგ. მაშინ ჩოგბურთელებს უჭირდათ საკუთარი გეიმების შენარჩუნება და ჯამში 14 ბრეიკი შესრულდა.
ზვერევისა და ბასილაშვილის მატჩის პირველ პარტიაში ხუთი ბრეიკი იყო. გერმანელი ორჯერ გავიდა წინ და ქართველმა ორივეჯერ უკუბრეიკის აღება შეძლო, მაგრამ მესამედ ნიკამ პასუხი ვერ გასცა მეტოქეს და 6:5-ზე ზვერევმა სეტზე ჩაწოდება შეძლო.
პირველ პარტიაში გერმანელმა 10-დან სამი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა – ორიდან ორი. ქართველს კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა თავის გეიმებში – პირველ მოწოდებაზე 34-დან 18 ქულა აიღო, მეორე მოწოდებაზე – 20-დან ცხრა.
მეორე სეტიც ბრეიკების გაცვლით დაიწყო, ოღონდ, ამჯერად ბასილაშვილი გავიდა წინ და ზვერევმა შეასრულა უკუბრეიკი. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად ათამაშდნენ საკუთარ გეიმებში. პირველად კრიტიკული მომენტი ქართველს დაუდგა, როცა მეცხრე გეიმში 0:40-დან გადაარჩინა თავისი მოწოდება, ჯამში კი ოთხი ბრეიკპოინტი მოიგერია. გერმანელს სეტის ბოლომდე შანსი აღარ ჰქონია, ბასილაშვილმა კი მე-12 გეიმში ერთადერთი სეტბოლი გამოიყენა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი ქართველისთვის ცუდად დაიწყო – ზვერევი პირველივე გეიმის შემდეგ ბრეიკით დაწინაურდა. გერმანელი კარგა ხანს უპრობლემოდ ინარჩუნებდა ამ უპირატესობას და მეოთხედფინალის საგზურისკენ მიდიოდა, მაგრამ მერვე გეიმში ნიკამ „მშრალი“ ანგარიშით აიღო მეტოქის მოწოდება და ანგარიში ისევ გათანაბრდა.
საბოლოოდ, ისევე, როგორც ჰამბურგის ნახევარფინალში, ამჯერადაც, ამ ჩოგბურთელთა მატჩის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა. მე-13 გეიმის მიმდინარეობაც თითქმის ზუსტად მეორდებოდა: ჯერ მინიბრეიკი ბასილაშვილმა შეასრულა და 2:1 დაწინაურდა, შემდეგ ზვერევმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და 4:2 დაწინაურდა. ამას ნიკას კიდევ ერთი მინიბრეიკი მოჰყვა და სიტუაცია გათანაბრდა. 5:5-ზე ზვერევმა პირველი მატჩბოლი გამოიმუშავა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. 7:5, 5:7, 7:6(5) – მორიგი მარათონი, რომელიც ორ საათსა და 48 წუთს გაგრძელდა, ამჯერად ზვერევმა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.