ნიკოლოზ ბასილაშვილმა მილმენი დაამარცხა და დოჰას ტურნირის პირველი წრე გაიარა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებების სერია – მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა დოჰაში ATP250 კატეგორიის ტურნირზე საწყისი მატჩი მოუგო ავსტრალიელ ჯონ მილმენს – 2:6, 6:4, 6:2. შეხვედრა საათი და 53 წუთი გაგრძელდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა მხოლოდ პირველ სამ გეიმში აიღეს იოლად საკუთარი გეიმები, რის შემდეგაც, ბასილაშვილმა ზედიზედ სამი თავისი მოწოდება წააგო, ერთხელ გააკეთა ბრეიკი და კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ქართველს საკუთარ გეიმებში კატასტროფული მაჩვენებელი ჰქონდა – ჯამში მხოლოდ 10 ქულის აღება მოახერხა.
მეორე სეტი ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ მილმენმა უკუბრეიკით უპასუხა. მეხუთე გეიმში ქართველი კიდევ ერთხელ გავიდა წინ ბრეიკით და ავსტრალიელის პასუხმაც არ დააყოვნა – 3:3. და მაინც, ბასილაშვილმა შეძლო სეტის მოგებამდე მიყვანა – მეცხრე გეიმში პარტიაში მესამედ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. ნიკასთვის ეს იყო ზედიზედ 11 პარტიის წაგების შემდეგ პირველი მოგებული სეტი.
ბასილაშვილი უკვე ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. ამასობაში, მესამე სეტის მესამე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო და მატჩში მოგებას მიუახლოვდა – მისთვის მთავარი იყო საკუთარი გეიმების შენარჩუნება. ეს ამოცანა ბასილაშვილმა იოლად შეასრულა – მეორე სეტის მეექვსე გეიმიდან მოყოლებული, ქართველმა თავის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო, თან მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.
მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ხორვატ ბორნა ჩორიჩისა და ტუნისელი მალიკ ჟაზირის მატჩში გამოვლინდება.