ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო საფრანგეთის ქალაქ მეცში ATP250 კატეგორიის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლა. მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ტრავმის გამო ვერ დაასრულა ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მატჩი.
პირველ სეტში ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო. გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-11 გეიმი, რომელშიც ბასილაშვილმა პარტიაში ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩაწოდება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მეათე გეიმში ქართველმა ორი სეტბოლი მოიგერია
მეორე პარტიიდან თამაშის სურათი შეიცვალა. ამ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ცონგას ჰქონდა. მან ერთხელ – მესამე გეიმში შეძლო ბრეიკის აღება და ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტებში ანგარიშის გასათანაბრებლად.
მესამე სეტში ბრძოლა არ შედგა – ბასილაშვილმა მესამე და მეხუთე გეიმებში დათმო საკუთარი მოწოდება და 1:4-ზე თამაში შეწყვიტა.
5:7, 6:3, 4:1 – ცონგამ საათსა და 54 წუთში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.