ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ტურნირზე. საწყის რაუნდში მისი მეტოქე იყო არგენტინელი ფედერიკო დელბონისი, რომელიც კლასიფიკაციაში 79-ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილმა პირველი სეტის სტარტზე შეძლო ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. დელბონისმა მერვე გეიმში გაათანაბრა ანგარიში, მე-12 გეიმში კი „მშრალი“ ანგარიშით მოიპოვა მეორე ბრეიკი და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტში დელბონისის უპირატესობა უდიდესი იყო – მან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და 5:0 დაწინაურდა. თუმცა, ბასილაშვილმა გაბრძოლება შეძლო – მეექვსე გეიმში სამი მატჩბოლი მოიგერია, მეშვიდე გეიმში ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო და საათსა და 27 წუთში 5:7, 3:6 წააგო.
ბასილაშვილს შეხვედრაში ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი შანსი გამოიყენა, დელბონისს – 15 ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი. ქართველმა განსაკუთრებით ცუდად თავის მეორე მოწოდებაზე ითამაშა – 34 გათამაშებიდან მხოლოდ ცხრა ქულა აიღო.
ამ სეზონში ბასილაშვილისთვის ეს იყო მე-12 შეხვედრა და მერვე მარცხი.
სხვათა შორის, 2016 წელს, ბასილაშვილი ATP-ის დონის ტურნირის პირველ ფინალში სწორედ კიტცბუელში გავიდა, სადაც იტალიელ პაოლო ლორენცისთან დამარცხდა.