ნიკოლოზ ბასილაშვილმა კალიარის ტურნირის ნახევარფინალი უშანსოდ წააგო #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო კალიარის ATP250 კატეგორიის ტურნირზე ფინალში გასვლა. მან უშანსოდ დათმო ნახევარფინალი სერბ ლასლო ჯერესთან – 2:6, 0:6. შეხვედრა მხოლოდ 53 წუთი მიმდინარეობდა.
პირველ სეტში ჯერემ მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და წინ გავიდა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ბასილაშვილს არაფერი გამოუვიდა: 3:2-დან მოყოლებული სერბმა ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო და ფინალის საგზური იოლად მოიპოვა.
ჯერემ უმაღლეს დონეზე ითამაშა თავის გეიმებში – პირველ მოწოდებაზე შვიდი ქულა წააგო, მეორეზე – მხოლოდ ორი. მან არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა ქართველს, თავად კი რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ჯერე ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება, ბასილაშვილი კი მონტე კარლოში გადაინაცვლებს, სადაც გრუნტის სეზონის პირველი „მასტერსში“ ჩაებმება. იქ მისი პირველი მეტოქე სერბი ფილიპ კრაინოვიჩია.