ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში ფუჩოვიჩი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში რეიტინგის 36-ე ნომერი, 30 წლის უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი სამ სეტში 1:6 6:2 7:5 დაამარცხა და ტიტულის დასაცავად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზი Qatar ExxonMobil Open-ის შარშანდელი ჩემპიონია და ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისა და 250 სარეიტინგო ქულის შენარჩუნებას ცდილობს.
დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61-ე ჩოგანი) დაუპირისპირდება, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ტურნირზე პირველი ნომერი კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა.
ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზს ოქტომბრის შემდეგ ერთეულებში თამაში არ ჰქონდა მოგებული. საქართველოს პირველი ჩოგანი დოჰას ტურნირში ასევე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობდა, სადაც ქართველი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად მეოთხედფინალში დამარცხდა.