ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრიდან გამოეთიშა როლან გაროსის ერთეულთა ტურნირს.
ბასილაშვილს საწყის რაუნდში ფრანგ ჟილ სიმონთან უწევდა თამაში, რომელიც, ერთ დროს, რეიტინგის TOP20-ის სტაბილური წევრი იყო, მაგრამ, ახლა, 65-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
ჩოგბურთელები ზედიზედ მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს როლან გაროსის პირველ წრეში. შარშან, სიმონმა პირველი სეტის მოგება შეძლო, მაგრამ მომდევნო სამი პარტია ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად აიღო და მეორე წრეში გავიდა.
ახალი მატჩიც სიმონმა სეტის მოგებით დაიწყო. პარტია საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და 52 წუთი გაგრძელდა. ფრანგს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ბასილაშვილს – სამი. სიმონმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი, ქართველმა კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა – 4:6. ბასილაშვილის მარცხის მთავარი მიზეზი პირველ მოწოდებაზე ცუდი თამაში იყო – 47 პროცენტი სიზუსტე და 50 პროცენტი მოგებული ქულები. ქართველს ეს კომპონენტი აუცილებლად გამოსასწორებელი ჰქონდა.
მაგრამ, შარშანდელისგან განსხვავებით, ნიკამ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და “მშრალი” ანგარიშით წააგო მეორე სეტი. თავდაპირველად, ქართველი ბრძოლაში აგებდა გეიმებს, მაგრამ პარტიის მეორე ნახევარში თითქმის არ იბრძოდა – 0:6.
ასეთი მარცხის მიუხედავად, ბასილაშვილმა შეძლო ფსიქოლოგიურად განწყობა მესამე სეტისთვის. ქართველს ამ პარტიაში მხოლოდ ერთი კრიტიკული მომენტი ჰქონდა, როცა მეხუთე გეიმში მოუწია ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება, თავად ასეთი შანსი არ ჰქონია და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ნიკა 2:0 და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ სიმონმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. თუმცა, ბასილაშვილი კიდევ ერთხელ გავიდა ორი ქულით წინ და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 7:6(7:4).
ნიკამ სეტებში ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიიღო, როცა მეოთხე სეტი ბრეიკით გახსნა. ის კარგა ხანი ინარჩუნებდა ამ უპირატესობას, მაგრამ პარტიის მეორე ნახევარში სიმონმა სრული უპირატესობა მოიპოვა, 7 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რამაც მატჩში გამარჯვება მოუტანა – 6:4, 6:0, 6:7(4), 6:4 ზუსტად სამი საათი ბრძოლის შემდეგ.
ბასილაშვილი ერთეულების ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ის სამშაბათიდან ჩაებმება წყვილების ტურნირში, სადაც პარტნიორად ავსტრალიელი ჯონ მილმენი ეყოლება. ქართულ-ავსტრალიური დუეტი პირველ წრეში ფრანგებს – ფლორიან ლაკატსა და არტურ რინდერკნეხს შეხვდება.