ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.
ჰამბურგის ტურნირი განსაკუთრებულია ლეონარდო მაიერის კარიერაში – მას პროფესიულ ტურში ორი ტურნირი აქვს მოგებული და ორივე გერმანიის ამ ქალაქში: 2014 წელს ფინალში დავიდ ფერერს მოუგო, შარშან კი გერმანელ მოგვარეს ფლორიან მაიერს.
საერთოდ, ჰამბურგის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია გრუნტის საფარზე – ათი წელი ტურნირს „მასტერსის“ სტატუსი ჰქონდა და აქ რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს არაერთხელ გაუმარჯვიათ.
ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს კი მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. შესაბამისად, ეს იყო ATP-ს ტურნირის მოგების მესამე ცდა.
პირველ სეტში ბასილაშვილს ერთადერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა – მესამე გეიმში მიიღო ეს შანსი და გამოიყენა. ლეონარდო მაიერს სამჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ ქართველმა ყველა საფრთხე მოიგერია და სეტი 51 წუთში მოიგო.
ისევე, როგორც ნახევარფინალში, მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად დათმო და „მშრალი“ ანგარიშით წააგო. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება.
გადამწყვეტ პარტიაში ჩოგბურთელები დამაჯერებლად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით ბასილაშვილმა, რომელმაც პირველ თავის ხუთ გეიმში მხოლოდ ოთხი ქულა დათმო. სეტმა კულმინაციას მეათე გეიმში მიაღწია, როცა ქართველმა ორმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა და მეორე ცდაზე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რითაც ტიტულზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ბასილაშვილს გაუჭირდა ბოლო გეიმის მოგება – არგენტინელმა ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და შეეძლო სეტის ტაიბრეიკზე გადაყვანა, მაგრამ ქართველმა თავიდან აიცილა ზედმეტი გართულებები და ბოლო სეტი 7:5 მოიგო.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ორშაბათიდან ATP-ს რეიტინგის TOP50-ში შევა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.