ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიაში გამოსვლა დაასრულა, თუმცა რეიტინგში ერთი ადგილით წინ წაიწია
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა თურქეთის ქალაქ ანტალიაში ATP250-ის ტურნირს.
ორი მატჩის მოგების შემდეგ, მსოფლიოს მე-40 ჩოგანმა ვერ შეძლო ავსტრალიელი ალექს დე მინორის ბარიერის გადალახვა და ორი სეტში დამარცხდა – 2:6, 4:6. შეხვედრა საათი და 15 წუთი გრძელდებოდა.
პირველ სეტში დე მინორმა 2:2-ის შემდეგ მოიპოვა დიდი უპირატესობა და ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო. ბასილაშვილს მხოლოდ სეტის ბოლო გეიმში ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ ორი შანსი ვერ გამოიყენა. ქართველი ცუდად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში და თავის მოწოდებაზე 24 გათამაშებიდან მხოლოდ 11 მოიგო.
მეორე სეტი უფრო სერიოზული ბრძოლით დაიწყო. ბასილაშვილმა დე მინორის ბრეიკს მეორე გეიმში უკუბრეიკით უპასუხა, მეოთხე გეიმში კი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და წინ გასვლის შანსი მიიღო, მაგრამ ვერ მოახერხა ამის გაკეთება.
საბოლოოდ, გარდამტეხი აღმოჩნდა მეხუთე გეიმი, რომელიც 16 გათამაშებისგან შედგებოდა. ავსტრალიელმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო და მესამე ცდაზე შეძლო კიდევ ერთი ბრეიკის შესრულება. ბასილაშვილმა მეტოქისთვის მეორედ პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო და ნახევარფინალში დე მინორი გავიდა.
ანტალიაში გამოვლის შემდეგ, ბასილაშვილმა კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინ წაიწია და განახლებულ რეიტინგში 39-ე ნომერი იქნება.