ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, პარალელური მართლმსაჯულებისგან თავი შეიკავონ და პოზიციები სასამართლოში დააფიქსირონ
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, პარალელური მართლმსაჯულებისგან თავი შეიკავონ და პოზიციები სასამართლოში დააფიქსირონ

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე ბრალდებისა და დაცვის, ასევე დაზარალებულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელებისგან და პოზიციები სასამართლოში დააფიქსირონ.

ეს განცხადება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციური სხდომის დასაწყისში გააკეთა.

მოსამართლის განცხადებით, პარალელური მართლმსაჯულების პირობებში ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. მოსამართლემ მხარეებს მიმართა, რომ მისი განცხადება მომავალში გაითვალისწინონ.

ამასთან, მოსამართლის განცხადებით, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა მიმართა წერილობით სასამართლოს, დაჩქარებულად მოხდეს საქმის განხილვა, რადგან დაზარალებულის დისკრედიტაცია და მისი ინტერესების დარღვევა ხდება.

მოსამართლემ დაზარალებულის ადვოკატის საპასუხოდ განმარტა, რომ საქმის განხილვა კანონით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში მოხდება, თუკი მხარეები მონაწილეობას მიიღებენ მტკიცებულებების გამოკვლევაში, თუმცა გასათვალისწინებელია სასამართლოს გრაფიკი და პანდემიური ვითარება. ამასთან, ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, სწორედ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, არ უნდა განხორციელდეს პარალელური მართლმსაჯულება. ეს რომ არ მოხდეს, ნუ განახორციელებთ პარალელურ მართლმსაჯულებას.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის არასრულწლოვანი შვილისა და მის შესახებ მოწმეების დაკითხვის დროს სასამართლო სხდომები დაიხურება.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.