ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. როგორც საქართველოს პირველ არხს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება.

„ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ნამდვილად განიხილება მისი დაკითხვის საკითხი. ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა. მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. სხვა ვერაფერს გეტყვით ამ ეტაპისთვის”, -განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკოლოზ ბასილაშვილს ესაუბრა და სერბმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.