ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა 30 მარტს გაგრძელდება
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა 30 მარტს გაგრძელდება

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მოწმეების დაკითხვა 30 მარტს გაგრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული დისტანციური სხდომა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ერთი მოწმის, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ბიძაშვილი დაიკითხა.

სხდომას ბასილაშვილი უცხოეთიდან ონლაინრეჟიმში ესწრებოდა, თუმცა მას რაიმე განცხადება დღეს არ გაუკეთებია. ბასილაშვილი მხოლოდ მისი ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში განხილვასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესები მხოლოდ მაშინ დაიხურება, როდესაც ბასილაშვილის არასრულწლოვანი შვილი ან მასთან დაკავშირებული მოწმე დაიკითხება.

მომდევნო პროცესი 30 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.