ნიკოლოზ ბასილაშვილის საჩოგბურთო კორტზე დაბრუნება ტრავმის გამო გადაიდო #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილის საჩოგბურთო კორტზე დაბრუნება ტრავმის გამო გადაიდო #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის კორტზე დაბრუნება გადაიდო, მას ისევ ხელის ტრავმა აწუხებს, – ამასთან დაკავშირებით ბასილაშვილმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გაზაფხულსა და ზაფხულზე გაკეთებული ორი ოპერაციის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი კორტზე დასაბრუნებლად აქტიურად ემზადებოდა. არსებული ინფორმაციით, მას ჰამბურგის 500-ქულიან ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომლის ჩემპიონიც 2018 და 2019 წლებში გახდა, თუმცა იდაყვის არეში ტკივილს ისევ გრძნობდა და მესამე ოპერაცია დასჭირდა.

„მოსამზადებელი პერიოდის დროს იდაყვის არეში ტკივილს ისევ ვგრძნობდი, რის გამოც მესამე ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ვიმედოვნებ, მომდევნო თვის მანძილზე ტკივილის გარეშე მომზადებას შევძლებ“, – დაწერა ბასილაშვილმა.

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი 325-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზმა ბოლო გამარჯვების მოპოვება მიმდინარე წლის თებერვალში შეძლო.

კარიერის მანძილზე ბასილაშვილს ATP-ის კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, კლასიფიკაციაში კი მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 ადგილია.