ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება - ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში  თავის კარიერაში პირველად ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღიას 1/16 ფინალში ოთხ სეტში მოუგო მსოფლიოს 66-ე ჩოგანს, არგენტინელ გვიდო პეიას – 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4).

ბასილაშვილი პირველ ორ სეტში აშკარა უპირატესობას ფლობდა. პირველ პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მეოთხე გეიმში მიიღო და შეძლო ამ შანსის გამოყენება, მეორე სეტი კი ორმაგი ბრეიკითა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით დაიწყო. მართალია, არგენტინელმა ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ მეორედ ეს ვეღარ შეძლო და ბასილაშვილმა სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

მესამე სეტში ქართველმა თითქოს პაუზის აღება გადაწყვიტა და დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია მეტოქისთვის. პეია ორი ბრეიკით 5:0 დაწინაურდა და სეტის მოგება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა.

მეოთხე სეტში ბრეიკის შესრულების პირველი შანსი პეიამ მიიღო, მაგრამ ბასილაშვილმა 0:40-დან გადაარჩინა მეხუთე გეიმი და იქვე, მეექვსე გეიმში მოწინააღმდეგის მოწოდების აღება შეძლო. მატჩის მოგებამდკ ნიკას ორი გეიმი აშორებდა, მაგრამ არგენტინელმა იქვე საპასუხო ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინაჩუნებდნენ საკუთარი მოწოდებებს და საქმე ტაი-ბრეიკისენ მიდიოდა. ასეც მოხდა. მე-13 გეიმში, 3:3-ზე ბასილაშვილმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და სამმაგი მატჩბოლი მიიღო. მეორე ცდაზე ქართველმა ჯერჯერობით თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

ბასილაშვილი „დიდი სლემის“ ყველა ტურნირის 1/16 ფინალში თითოჯერ იყო ნამყოფი, ახლა კი მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის მოგებულს შეხვდება.