ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი მადრიდის „მასტერსზე“
ნიკოლოზ ბასილაშვილის დასანანი მარცხი მადრიდის „მასტერსზე“

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა მადრიდის “მასტერსზე“. მან კარგად იბრძოლა ფრანგი გაელ მონფილსის წინააღმდეგ, რომელიც 41-ე ნომერია კლასიფიკაციაში, მაგრამ მაინც წააგო საათი და 40 წუთის ბრძოლის შემდეგ – 2:6, 6:3, 3:6.

პირველ სეტში ფრანგი უკეთ გამოიყურებოდა. მონფილსი ძალიან დამაჯერებელი იყო საკუთარ გეიმებში – მხოლოდ 4 ქულა წააგო, მიღებაზე კი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორივე მოიგო, რითაც პირველი პარტია 23 წუთში დაასრულა – 6:2.

მეორე სეტი პირველს ჰგავდა სცენარით და სტატისტიკურად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბასილაშვილს ჰქონდა ინიციატივა. მანაც ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ერთი გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად, რადგან მონფილსს არა თუ ბრეიკი, ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. ბასილაშვილმა პარტიის მოგებას 30 წუთი მოანდომა – 6:3.

მესამე სეტის სტარტი უნიკალური გამოდგა – მონფილსის მოწოდებაზე გეიმი 15 (!) წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც 24 (!) ქულა გათამაშდა, ცხრაჯერ იყო “თანაბარი”, 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა ბასილაშვილს, გეიმი კი ფრანგმა მოიგო. ხელიდან გაშვებულმა შანსმა დროებით ცუდად იმოქმედა ქართველზე – მან იქვე დათმო საკუთარი მოწოდება და 0:2 ჩამორჩა.

თუმცა, მონფილსის უპირატესობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა – ბასილაშვილმა მეხუთე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება, რის შემდეგაც ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და 2:4 ჩამორჩა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და მონფილსი 5:3-ზე სეტზე აწვდიდა. ბასილაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, მეცხრე გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა და მორიგი მარათონული გეიმი და მასთან ერთად, მატჩი დაუთმო მეტოქეს.

ბასილაშვილს 10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მხოლოდ ორი გამოიყენა, მონფილსს – 4-დან 4 რეალიზებული ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა.
მონფილსი 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს შეხვდება.