ნიკოლოზ ბასილაშვილი - ტურნირამდე ძალიან მონდომებით ვვარჯიშობდი #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომენტარი გაუკეთა ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასის დამარცხებას. მისი თქმით, ამ შეხვედრაში მისთვის ბევრი რამ პირველად ხდებოდა და ამის გამო, ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვა მოუწია.
„ამ ტურნირზე ძალიან კარგი მატჩები ჩავატარე. დიდად კმაყოფილი არ ვარ დღევანდელი თამაშით, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გავუმკლავდი სტრესს, რომელიც მატჩის დაწყებიდან მოყოლებული მქონდა: პირველი მეოთხედფინალი, ცენტრალური კორტი, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე… ფიზიკური ფორმა ბოლომდე უნდა შემენარჩუნებინა, რადგან ვიცოდი, რომ მთელი მატჩი ფსიქოლოგიურად ოდნავ დაძაბული ვიქნებოდი.
ტურნირამდე ძალიან მონდომებით ვვარჯიშობდი. ძალიან მახარებს ის, რომ შევძელი სტრესული მომენტების გადალახვა, მით უმეტეს, რომ კორტის საფარი ჩემს სათამაშო სტილს არ შეესაბამება, რადგან მოედანზე ასხლეტისას, ბურთი მაღლა ხტება. მაგრამ წელს მე კარგად ვთამაშობ“, – განაცხადა ბასილაშვილმა.