ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს „მასტერსის“ მერვედფინალში გავიდა. მას მეორე წრეში ავსტრალიელი ალექს დე მინორი ელოდა, რომელიც მე-12 ნომრად იყო განთესილი და პირველი წრის შეხვედრა გამოტოვა.
ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა და ქართველმა ამ სეზონში ერთ-ერთ ყველაზე იოლ გამარჯვებას მიაღწია. ბასილაშვილმა 57 წუთში მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის – 6:1, 6:1.
პირველ სეტში ნიკამ პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა წააგო, ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ორივე გამოიყენა, მისი მოწინააღმდეგე კი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა. მეორე სეტში უფრო მეტი ბრძოლა იყო. დე მინორს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ბასილაშვილს – ოთხი, მაგრამ ავსტრალიელმა ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, ქართველმა – სამი.
ეს ამ ჩოგბურთელთა მეორე მატჩი იყო პროფესიულ ტურში. წელს, ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში დე მინორმა ორ სეტში მოიგო. ასე რომ, ბასილაშვილმა ავსტრალიელს რევანში აუღო.
ტორონტოს „მასტერსის“ მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი ჰუბერტ ჰურკაში იქნება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია. პოლონელი კანადაში ჯერ კორტზე არ გასულა – პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მეორეში კი მისმა მეტოქემ, იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ტრავმის გამო თამაშზე უარი განაცხადა.